ექიმის ძებნა

ფტორის მნიშნველობა

12/11/2017

    ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანო და სისტემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ნათქვამია პირის ღრუ ორგანიზმის სარკეაო, რადგან ერთ-ერთი საკვანძო რგოლია ორგანიზმსა და გარე სამყაროს შორის და თითოეული ორგანული სისტემის დისფუნქციით გამოწვეული ცვლილება პირის ღრუში აისახება და თვალსაჩინოს ხდის ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.  პირის ღრუს დაავადებები წარმოადგენენ ზოგად სომატური დაავადებების გაჩენის რისკს. სწორედ ამიტომ სხვა სისტემური დაავადებების პრევენცია პირის ღრუს ჯანმრთელობის პროპაგანდაა.

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის  ჯანსაღ სოციალურ გარემოსთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება. დადგენილია რომ ორგანიზმის  მეტაბოლიზმისთვის 40-ზე მეტი საკვები ნივთიერება სჭირდება, რომელიც შეგვიძლია დავყოთ ჯგუფებად. საკვებ ნივთიერებებს შორის აღსანიშნავია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და წყალი. ამათგან ყველას თავისი როლი აქვს ორგანიზმში.

მაგ: მინერალები – ორგანიზმში წარმოდგენილია სხვადასხვა ელემენტის სახით. არსებობენ  მსხვილი ელემენტები,რომელიც კბილის ქსოვილში დიდი პროცენტულობით არიან. მაგ: კალციუმი, ფოსფორი.. გარდა ამისა არიან ელემენტები,რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ძვლოვანი ქსოვილის შენებასა და სიმტკიცის შენარჩუნებაში. მაგ: ფტორი, თუთია…

სტომატოლოგიური დაავადებების პრევენცია უპირველესად რისკ-ფაქტორების მოცილებისაკენ უნდა იყოს მიზანმიმართული,რომელიც გულისხმობს სწორ და ბალანსირებულ კვებას, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას, პირის ღრუს ჰიგიენის სრულფასოვნად დაცვას და რა თქმა უნდა ზოგადად ორგანიზმისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების ოპტიმალური რაოდენობით მიწოდებას და შენარჩუნებას.

  განვსაზღვროთ ფტორის მნიშვნელობა პირის ღრუსა და ზოგადად ორგანიზმისათვის. კბილის მინანქარში მუდმივად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. იმის მიხედვით თუ როგორია პირის ღრუს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა (PH) მიმდინარეობს რემინერალიზაცია/დემინერალიზაციის პროცესი. ფტორი  ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ჯანმრთელი ძვლისა და კბილის მინანქრის ფორმირებისათვის. მონაწილეობს რემინერალიზაციის პროცესში და თუ პირის ღრუს სითხეში საკმარისი კონცენტრაციითაა მარტივად რომ ვთქვათ ე.ი. არ მიმდინარეობს მინანქრის რღვევა და შესაბამისად არ არის კარიესის წარმოქმნის საშიშროება. ფტორის მიღება ხდება წყლიდან და საკვებიდან. საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას სრულად შეიწოვება. აბსორბციის შემდგომ ლაგდება ძვლოვან ქსოვილში და ნარჩენი  გამოიყოფა. იყო მოსაზრება რომ ფტორი მხოლოდ მინერალიზაციის პროცესში იყო საჭირო. თანამედროვე კვლევებმა კი ცხადყო ,რომ ფტორი აუცილებელია როგორც კბილის ამოჭრამდე ისე ამოჭრის შემდგომ, მთელი სიცოცხლის მანძილზე. ფტორის ანტიკარიესული ეფექტის გარდა აღმოჩენილია ანტიბაქტერიული მოქმედება. მისი ნადებში არსებობა უზრუნველყოფს  ბაქტერიების შედეგად მჟავების გამომუშავების დათრგუნვას.

  დადგენილია,რომ ჯანმრთელი ძვალი შეიცავს 0,01-0,3% ფტორს. ჯანმრთელი მინანქარი – 0,01-0,02%, ხოლო კარიესული კბილი – 0,0069%.

ფტორის მიღების ორი ფორმაა: სისტემური –  მიიღება სასმელი წყლიდან, საკვებით, მედიკამენტოზურად.

ადგილობრივი: აპლიკაციების სახით,რომელსაც აკეთებს ექიმი-სტომატოლოგი.ამ პროცედურის შედეგად ერთის მხრივ იზრდება კბილის რეზისტენტობა დემინერალიზაციის მიმართ და მეორე მხრივ ხდება უკვე არსებული დემინერალიზებული კერის რემთერაპია.

სტომატოლოგიაში ფტორით რემთერაპია ტარდება ადგილობრივი 5% -იანი გელით ან ქაფით.აგრეთვე მოწოდებულია სპეციელური კბილის პასტები, სავლებები სხვა პირის ღრუს მოვლის საშუალებები რომლებიც შეიცავს ფტორის ოპტიმალურ რაოდენობას. კბილის პასტების უმეტესობა შეიცავს 1000 ppm-1450 ppm  (0.22 %- 0.312%) ფტორს.არსებობს მაღალკონცენტრირებული კბილის პასტებიც 5000ppm (1,1%) ,რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სტანდარტულის მსგავსად. ეს კონკრეტული განსაკუთრებით აუმჯობესებს კბილის ზედაპირის სიმაგრეს და რეზისტენტობას. აღნიშნულ კბილის პასტებს აქვთ სისხლდენის, ჰიპერმგრძნობელობის და ნადების წარმოქმის საწინააღმდეგო მოქმედება.  ფტორთერაპია რეკომენდებულია ბავშვებში განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც სასმელი წყლის პტორიზაცია ნაკლებად ხდება. პროცედურა ტარდება  სხვადასხვა ასაკიდან დაზიანების გავრცელებისა და სიხშირის,აგრეთვე  ჩასატარებელი მკურნალობის მეთოდიდან გამომდინარე.

და ბოლოს… მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კბილების თუ ძვლოვანი ქსოვილის  ჩამოსაყალიბებლად ყველა პრევენციული ღონისძიების ჩატარება ორსულობიდან.რადგან კბილის ჩანასახი სწორედ მუცლადყოფნის დროს ფორმირდება. შემდგომ ეტაპზე კი, პირველი კბილის ამოჭრიდან დაწყებული უპირველესია ზრუნვა ჯანსაღი პირის ღრუსათვის,  ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

სტატიის ავტორი: ექიმი სტომატოლოგი – სოფო ფილიევი

განყოფილება : ეს საინტერესოა